ეროვნული უმცირესობების საკითხზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ვიზიტი ახალციხეში

მიმდინარე წლის 30 იანვარს, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის (HCNM) ერთობლივი პროექტის „ეროვნული უმცირესობების ჩართულობის გაძლიერება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“ ფარგლებში შექმნილი მრავალპარტიული სამუშაო ჯგუფი ახალციხეს ეწვია. ეროვნული უმცირესობების თემაზე მომუშავე მრავალპარტიული სამუშაო ჯგუფი აერთიანებს პოლიტიკოსებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებიდან.
სამუშაო ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში, ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკური ინტეგრაციის კუთხით არსებული პრობლემების ანალიზსა და ადგილობრივი კონტექსტის უკეთ გაცნობას ისახავდა მიზნად. ლევან ცუცქირიძემ, ნიმდის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ისაუბრა პროექტის მიზნების შესახებ და დაგეგმილი აქტივობები მიმოიხილა. ნინო გოგოლაძემ, ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის პროგრამების მენეჯერი საქართველოში, აღნიშნული პროექტის მნიშვნელობასა და პოლიტიკური პარტიებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის მის განსაკუთრებულ დატვირთვას გაუსვა ხაზი.

პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულმა დისკუსიამ ახალციხეში, ისე როგორც მარნეულსა და ახალქალაქში, რამდენიმე საკვანძო საკითხი გამოკვეთა, რაც ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკურ ინტეგრაციას აფერხებს. ქართული ენის ცოდნის დაბალი დონე, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონი და ქართულ ენაზე სატელევიზიო მაუწყებლობის შეზღუდული წვდომა კიდევ ერთხელ მთავარ პრობლემებად დასახელდა. მრავალპარტიული სამუშაო ჯგუფის მომავალი შეხვედრა 2015 წლის თებერვალში იგეგმება, სადაც ის საკიხები შეირჩევა, რომელზეც ნიმდის დაკვეთით, მაღალი დონის ექსპერტული ნაშრომები და პოლიტიკის ნარკვევები შეიქმნება.